Archive

Posts Tagged ‘ლალი მოროშკინა’

მე, ლალი მოროშკინა და ქვეყნის გადარჩენის გზები

სექტემბერი 4, 2009 6 comments

ცივი იანვარი ჟოლობებზე შემომსხდარ ყინულის ლოლოებს წოვდა. მე კაბინეტში ვიჯექი და იმ დროზე ვფიქრობდი როცა პრეზიდენტობას მოვამთავრებდი და მერე სადმე წავიდოდი ლექციების წასაკითხად, ”მხოლოდ ორი საპრეზიდენტო ვადაა” – ვფიქრობდი მე და ამ დროს საამური წკრიალი გაისმა ჩემს მაყვლისფერ ნოკიაზე, მისმა იისფერმა ეკრანმა, თაფლისფერ თვალებში შემომანათა და ჩრდილოეთის ვარსკვლავივით ამიკიაფა. უძველესი ლათინური ასოებით, უძველესი რუსული სახელი და გვარი დაიწერა – ლალი მოროშკინა. ამის დანახვაზე დოსტოევსკი და მისი ”იდიოტი” გამახსენდა, ჩავფიქრდი და ფილოსოფიურ წიაღსვლებს გავყევი – ამ დროს კი ჩემი მაყვლისფერი ნოკიის, ქართული სიმღერასავით პოლიფონიურმა ზარმა გამომაფხიზლა, მეც ამოვიხვნეშე და გავიზმორე, როგორც თივისი ზვინზე ჩაძინებულმა აწ უკვე ყოფილმა ქალიშვილმა და ჩემი ტელეფონის ხავერდოვან, ზურმუხტისფერ ღილაკს ნაზად დავაჭირე.

ანაზდად ლალის ხმა ჩამესმა:

– მიშა გამარჯობა, ხომ ხარ სავანაში წამოწოლილი ზებრა ნაჭამი ლომივით, რომელსაც სექტემბრის სიო ნაზად ურხევს ფაფარს?

– კი ლალი! ნამდვილად მასე ვარ. – რუდუნებით ვუპასუხე მე და ჩემს, ჯეჯილის ყანასავით რბილ, სავარძელში ჩავეშვი.

– მიშა, მე შენი მეგობარი, ხომ გახსოვარ? როგორ დავდიოდით ერთად ვითარცა მრავალ ომ გამოვლილი მეგობრები და შტორმ გადარჩენილი გემები?

– როგორ არ მახსოვხარ ლალი – ევროკავშრივით შეშფოთებულმა ვუპასუხე და თან გულის სიღრმეში მწყინა; ლალის საყვედურნარევმა ტონმა ჩემი ჩვილი გული განგმირა, თუმცა არა სასიკვდილოდ.

– მაშინ რატომ აღარ მოდიხარ ჩემთან? როგორც გაზაფხული? რატომ აღარ გვაქვს ფილოსოფიური წიაღსვლების საღამოები, ისევე როგოც ტყიბულელ მეშახტეებს? ნუთუ ჩვენი გონებრივი და ინტელექტუალური საღამოებიც შეწყდება, ისევე როგორც აგვისტოს მოულოდნელი წვიმა კახეთში?

– ლალი! – ვუპასუხე მე, მეგობრულად, რბილად, თუმცა მაინც მკაცრად! – მე ახლა საქართველოს გადარჩენის გზებს ვაგებ! მე უკვე გადავთხარე 100 რეფორმა! როცა მოვიცლი კვლავაც მოვალ შენთან და კვლავაც ვისაუბროთ ჩვენს საყვარელ თემებზე, ჩემო ვახო ელერდაშვილვით ინტელექტუალო მეგობარო.

– მაშ კარგი! იყოს ასე – გული მოულბა  – როცა მოიცლი შემომიარე.

მე ფანჯარას გავხედე, ყინულის ლოლო ჩამოტეხილი იყო და მე მაშინ მივხვდი, რომ საქართველო აუცილებლად გადარჩება.